ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ. ისინი ქარხნის ერთ-ერთი საწარმოსკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ და თავიანთ სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფორმულასთან საუბრისას აცხადებს, მათ დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.
"შეხვედრა სურთ კოლექტიურ წრესთან. რა საკითხზე ვერ დაგისახელებთ იმიტომ, რომ არ ახსენეს. ადვილად გამოსაცნობია, რომ პროფკავშირის ჩახსნას მოგვთხოვენ და ცალ-ცალკე შეხვედრებს. ასე აღარ გამოვა, აქ უკვე ერთიანად ვდგავართ, ერთ აზრზე ვართ და ერთობა შენარჩუნებელი იქნება. ამ ერთობით ავალთ და დავილაპარაკებთ პროფკავშირთან ერთად, ან გაგრძელდება აქცია", - აცხადებს აქციის მონაწილე.
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გუშინ, 19 მაისს ბორჯომისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი ბორჯომის ქარხნის წარმომადგენლებს და გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მაჟორიტარმა განაცხადა, რომ "პოზიციები დაახლოებულია".
ამასთან, შეხვედრის პარალელურად, კომპანიამ "IDS ბორჯომი საქართველო" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "პროფკავშირების წევრი აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, კომპანია ორივე ქარხნის მუშაობას აჩერებს".